არისტოკრატი სესილი

არისტოკრატი სესილი

დედამიწაზე ყველა არსებას საკუთარი ისტორია აქვს. დღეს მოგიყვებით თუ როგორ დაზარალდა სესილი, გოჩას ოინების გამო.

სესილი ჩვენთან საცხოვრებლად თბილისის პრესტიჟული უბნიდან გადმოვიდა, რამდენიმე თვის წინ. მას იმდენი მზითვი მოჰყვა თან, რომ ცალკე საძინებელი მოვუწყვეთ. სესო ერთერთი გამორჩეული არისტოკრატიული ოჯახიდან გახლავთ და ეტყობა კიდეც, რომ კულტურულად აღზრდილი გოგონაა. პირველ დღეს ისეთი ეფექტი მოახდინა შემოსვლისას, რომ ძირს დაყარა ყველა ბაჭია. ერთმანეთს სერიოზულად დაეჭიდნენ ბიჭები, მანდილოსნის გულის მოსაგებად. არც კი გავიდა ერთი საათი და გამარჯვებული გამოვლინდა. იძულებულები გავხდით ახლად დაქორწინებულთათვის სახლი გამოგვეყო. ჩვენს ქალბატონს უკვე მოგეხსენებათ ნატიფი გემოვნება აქვს და ყველაზე ფერადი, შუშაბანდით შემინული, ‘ფაბერჟეს’ კვერცხის ფორმის სახლი აირჩია. მალევე მოეწყო, დაიწყო ფუსფუსი, მარტივად აუღო ალღო ახალი ცხოვრების რითმს.

თუმცა, ერთ მზიან და მშვიდ დილას, იმ დილას ჩიტების ჭიკჭიკის ხმა რომ უნდა ყოფილიყო მხოლოდ, სესილი აკუსკუსდა პანდუსზე და სახლის კარი ჩარაზული დახვდა. აფხაკუნა, აკაკუნა, უეცრად გოჩამ გამოყო თავი ფანჯრიდან და უწმაწური ლანძღა გამოუშვა ჩვენი დახვეწილი მანდილოსნისკენ. რა გაეწყობოდა, აწი დროებით მისი სახლი ციხე უნდა ყოფილიყო. ხუთი დღის განმავლობაში, სანამ არ გადავიყვანეთ ბრალდებული დასჯილთა ეზოში, სესილი ყოველდღე ადიოდა სახლთან და აფხაკუნებდა, იქიდან კი კაცმა უწყის რას ეუბნებოდა ჩვენი ონავარი.

Back to blog