მოჩქარეს მოუგვიანდესო
Share
ოქტომბერი დაიწყო. ხომ იცით ამ დროს მავნე ოინების მოყვარული არსებები ჩნდებიან ხოლმე. ხოდა ფერმაში მათთვის მახეები დავაგეთ. გუშინწინ ღამით კარს რომ ვკეტავდი და ის ის იყო ერთი დარჩენილი მბჟუტავი ნათურა უნდა ჩამექრო, ბრახანის ხმა მომესმა. თითქოს ვიღაც მაგრად დაებერტყა და ზუზუნებდა რაღაცეებს გაბრაზებული. საღამოს კარგად ვერ ვხედავ, სათვალეს სანამ ვიპოვიდი, ხმას გავყევი ვარაუდით. ჩავრთე ტელეფონში ფანარი და რაც დავინახე არ დაიჯერებთ, იფიქრებთ იგონებსო. ჩვენ დაგებულ მახეში ბოროტი ჯადოქარი გაება. ეტყობა ჯადოქრების შეკრებაზე აგვიანდებოდა, სიჩქარეში ცოცხი ვეღარ დაიმორჩილა და თავით ჭაში ჩაენარცხა, ფეხები კი ზემოთ უფართხალებდა და თან ჩხუბობდა, ეს რა არის, აქ როგორ მოვხვდიო. შემოეხვია ყველა ცნობისმოყვარე ცხოველი და ყურადღებით აკვირდებოდნენ, ვერ მიხვდნენ ვინ იყო და რა უნდოდა. ახლა უკვე მიეჩვია ყველა და თავისუფლად სეირნობენ გარშემო. სამაგიეროდ სხვა ჯადოქრებმა იციან, ჩვენთან ახლოს თუ მოვლენ, რა ბედი ეწევათ. არადა ასე რომ არ ეჩქარა, ცოტას დაიგვიანებდა, საერთოდ კი არ გამოტოვებდა შეხვედრას. ამიტომ არის გამოთქმა: მოჩქარეს მოუგვიანდესო.