ონავარი გოჩა

ონავარი გოჩა

გუშინ ჩვენს ფერმაში მოხდა ინციდენტი. იხვი “გოჩა” ადრეც შეიმჩნეოდა ქათმების მიმართ ცუდი დამოკიდებულებით. ამოვედი დილით ფერმაში, მშვიდი, გრილი დილა იყო, ჩიტების ჭიკჭიკი რომ გესმის ისეთი. უეცრად ატყდა ალიაქოთი, ჩხუბის ბრახაბრუხი მოდიოდა, გავიხედე და რას ვხედავ, დასდევს საწყალ ქათამს გოჩა და უკან მისდევენ ლაშიკო და მაშიკო(იხვები). კინაღამ გუბურაში ჩააგდო საწყალი ქათამი, შეშინებული ავარდა ქანდარაზე და ესენი ტურებივით დატრიალებდნენ ძირში. დავურეკე ჯარჯოს და უმალვე მოვიდა დასახმარებლად. გადავწყვიტეთ დროებით ტბაში გაგვეშვა რომ დაფიქრებულიყო თავის საქციელზე. გავიდა რა ნახევარი საათი, ვიხედებით მე და მაია და ღობეს მომდგარია ცელქი გოჩა და ლაშიკოს და მაშიკოს ელაპარაკება. ავიყვანეთ და ჩავსვით ბაჭიების საგარეო სახლში “ციხეში”, რომელიც საერთოდ არ გავს სადამსჯელო ადგილს იმდენად ლამაზად არის გაფორმებული ფერადი ნაჭრებითა და საღებავებით. ავუხსენი დანარჩენებს რომ სხვების დაჩაგვრა არ შეიძლება. დღეს რა ხდება, ციხის ძირში სხედან ერთგული თანამონაწილეებივით მაშიკო და ლაშიკო და გოჩა ზემოდან რაღაცეებს ელაპარაკება. დანარჩენი ყველა მშვიდათ არის, არავინ აღარ ჩხუბობს, ერთი პატარა გოჭები დარჩნენ გაკვირვებულები ღობის იქით, ვერ მიხვდნენ საერთოდ რა მოხდა.

Back to blog