შრომა აბედნიერებსო

შრომა აბედნიერებსო

უკვე სამი წელი და ხუთი თვეა რაც ფერმაში ვართ მე და თაკო. ბევრი რამ არის რის გამოც გვიყვარს აქაურობა და ვერ ველევით. გზაც, ქალაქის გამონაბოლქვს რომ მოშორდები და სიმწვანეში შედიხარ ნელნელა. სუფთა ჰაერი, რომლის შემდეგ თბილისში ჩადიხარ და გგონია გგუდავენ. ხედი, ჭიშკარი რომ იღება, ყოველ ჯერზე, რამდენი დღე გამოდის გადავთვალოთ და ყოველი ჭიშკრის გაღებისას ერთნაირად მეკვრის სუნთქვა. კონტრასტი, ფერმის საქმეებში რომ ხარ ჩაფლული და საღამოს ქალაქის ქაოსს გაპრანჭული უერთდები, ვითომ ცოტახნის წინ ტალახში არ იყავი ამოგანგლული.

ზუსტად ასეთი კონტრასტის დღე გვქონდა იმდღეს. დილით ჩვეულზე ადრე ამოვედით და დავიწყეთ ფუსფუსი, განსაკუთრებულად კეთილი და საყვარელი სტუმრისთვის ვემზადებოდით. როგორც ნახეთ, ქეთი მელუა იყო ჩვენთან. დამშვიდობებიდან არ გასულა 15 წუთი, რომ ამოვიცვით კალოშები, თაკო შეხტა ხეზე, დამაყენა ქვეშ მსაჯივით, თან თავზე ტყემალს მაბერტყავდა, თან მამხნევებდა კარგად დაიჭირე ბრეზენტი დაღმართზე არ ჩაცვივდესო. კარგია რომ სანახევროდ კახელი ვარ და ჩაფხუტის აუცილებლობა არ ყოფილა. გავავსეთ ტყემლით მანქანა მეგრელი დედამთილისთვის, გადავიცვით სიფრიფანა კაბები და გავეშურეთ დაბადების დღეზე, ვითომც არაფერი. ხოდა ასე, კიდევ ბევრ სხვა ამბავს მოგიყვებით კიკეთის ფერმის დღიურებიდან.

Back to blog