ჩახუტების ძალა
Share
ამბობენ, სუსტი და ძლიერი ადამიანები არსებობენო. ვფიქრობ ეს უფრო მოცემულობაა კონკრეტული დროის მონაკვეთში, ვიდრე მუდმივი მდგომარეობა. ხშირად სუსტად შერაცხული ადამიანი ისეთ სიმამაცეს გამოიჩენს და პირიქით. მოგიყვებით ერთ მაგალითს: ყველა იცნობთ პენელოპას და სამანტას. გახსოვთ ტურას ამბავი? მაშინ ცოტა შევალამაზე, რადგან იმ პერიოდში ცხელი ამბავი იყო და გულზე დარდი მძიმედ გვაწვა ყველას. ახლა უფრო ნოსტალგია მალაპარაკებს.
სამწუხაროდ, იმ საბედისწერო გარიჟრაჟს, ტურასთან ბრძოლაში სამანტა დაიღუპა. მართალია პენელოპამ ბოროტი დაამარცხა, მაგრამ მისი მეგობრის გადარჩენა ვეღარ შევძელით. ამხანაგის დაკარგვა დიდი ტრაგედიაა, სიკვდილთან ბრძოლა და სხვების დაცვა სტრესი. იმ დღის შემდეგ ჩვენი კომუნიკაბელური პენელოპა უკარება გახდა. თუმცა არ ვეშვებით, ვეფერებით, ვუფრთხილდებით, ვანუგეშებთ და ნელნელა, ამდენი ყურადღებით გვიბრუნდება ჩვენი მხიარული გოგონა.
ზოგჯერ, მხოლოდ მეგობრის გვერდში ყოფნაა საჭირო იმისთვის რომ თავი უკეთ ვიგრძნოთ და იარებმა მოშუშება დაიწყონ. გაუფრთხილდით ერთმანეთს. ხშირად ჩაეხუტეთ და ტკბილი სიტყვები არ დაიშუროთ.
ესეც ერთი სევდიანი ამონარიდი „კიკეთის ფერმის დღიურებიდან“.